ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ვიზიტს "სრული ფარსი უწოდა". მან მკაცრად გააკრიტიკა ნენსი პელოსი და გააფრთხილა, რომ "ვინც ცეცხლს ეთამაშება, დაიღუპება".
"აშშ დემოკრატიის საბაბით ჩინეთის სუვერენიტეტს არღვევს", - განაცხადა ვან იმ.
მანამდე გავრცელებულ განცხადებაში ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა პელოსი ვიზიტის "თავხედურად" გაგრძელებისთვის და განაცხადა, რომ ის "ბოროტად არღვევს ჩინეთის სუვერენიტეტს და ეწევა პოლიტიკურ პროვოკაციებს".
ნენსი პელოსი ტაივანში 2 აგვისტოს ჩავიდა. ის პირველი ამერიკელი მაღალჩინოსანია, რომელიც ბოლო 25 წლის მანძილზე ტაივანში ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
ოფიციალურმა ჩინეთმა არაერთხელ გააფრთხილა ვაშინგტონი, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ვიზიტს აშშ-სა და ჩინეთს შორის დაძაბულობა მოჰყვება.
ტაივანი თვითმმართველი დემოკრატიაა, რომელსაც არასდროს მართავდა ჩინეთის კომუნისტური რეჟიმი, თუმცა, პეკინი ამტკიცებს, რომ ის პროვინციაა, რომელიც მასთან უნდა გაერთიანდეს, საჭიროების შემთხვევაში, ძალის გამოყენებითაც. ჩინეთის კომუნისტური პარტია კატეგორიულად ეწინააღმდეგება ტაივანის, როგორც თავად უწოდებს, სეპარატისტული მთავრობის მიმართ უცხოური მხარდაჭერის გამოვლინებას, განსაკუთრებით აშშ-ის მხრიდან.